კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა უკრაინაში

საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი

საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გიორგი ზაქარაშვილმა კიევი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე დატოვა.

ასევე ნახეთ „მთხოვა ქვეყნის დატოვება" - საქართველოს ელჩი უკრაინაში მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ჰყვება

4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა "ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო". ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების განცხადებას საფუძველმოკლებული უწოდა და თქვა რომ „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.