Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთხოვა ქვეყნის დატოვება" - საქართველოს ელჩი უკრაინაში მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ჰყვება


ფოტო არქივიდან: კიევი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იევჰენ პერებიინისის შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან.
ფოტო არქივიდან: კიევი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იევჰენ პერებიინისის შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის კომენტარი გაავრცელა. დიპლომატი ჰყვება კიევში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ. როგორც ზაქარაშვილმა აღნიშნა, მას სთხოვეს, 48 საათში ქვეყნის დატოვება.

„გუშინ დილით [4 ივლისს] მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც, ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა საქართველოს მხარის პოზიცია. ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც არაერთხელ გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - თქვა ზაქარაშვილმა.

ელჩმა აქცენტი გააკეთა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე და თქვა, რომ თბილისი გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას.

„აღინიშნა, რომ ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ქმნის გარკვეულ პრობლემებს, კომუნიკაციისთვის. აღინიშნა, ასევე, რაც უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე - გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოში. ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, საქართველო იდგა უკრაინის გვერდით. ისევე, როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა, არამედ ინტერვენციის პირველივე დღეებიდან გაკეთდა სხვა არაერთი ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად. ჩემ მიერ ასევე აღინიშნა, რომ ეს პროექტები მიუხედავად ამ ბოლო მოვლენებისა, აუცილებლად გაგრძელდება. ვინაიდან, როგორც მინისტრმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

კადრი სასამართლო პროცესიდან. პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება.
კადრი სასამართლო პროცესიდან. პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება.

საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა "ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო". ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

XS
SM
MD
LG