საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს და თითოეულ დიპლომატს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის, ომის დროს არსებულ რთულ ვითარებაში. ამასთან, ილია დარჩაშვილის თქმით, მათი იქ ყოფნა იყო დამოკიდებულების ჩვენება, რომ „ადგილზე მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის".
ილია დარჩიაშვილი უკრაინის ხელისუფლების განცხადებას საფუძველმოკლებულად აფასებს და ამბობს, რომ „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ელჩი გიორგი ზაქარაშვილი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.
მისივე სიტყვებით, საქართველოს მისამართით უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა დროს ისმოდა უსამართლო განცხადებები, მაგრამ ამაზე მსჯელობის დრო მომავალში იქნება. მანამდე საქართველო გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას „შესაძლებლობების ფარგლებში“.
„ეს არის ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით და ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
4 ივლისს საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.
საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა "ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო". ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.