ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია ეთერში ოთხშაბათს გავა, ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები და მან უკრაინა ახლა უნდა მიიწვიოს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის მიღებას და მისგან მიწვევა იქნებოდა უდიდესი სტიმული უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. როგორც ზელენსკიმ თქვა, ესმის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.
ასევე ნახეთ ზელენსკი ნატოს სამიტზე არ წავა, თუ მის ლიდერებს "სიმამაცის ნაკლებობა" ექნებათ - მრჩეველინატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკიც, განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს. ნატოს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ვილნიუსის სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა.
ნატო გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსით იღებს.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დაწყებამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.