კლინიკა "ვივამედში" მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის," "დებატების" საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს. ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი პირველი თებერვლის შემდეგ პირველად მონაწილეობს მის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის სასამართლო განხილვაში.
"რატომ გეშინიათ, რომ ღიად ვილაპარაკოთ? მომეცით საშუალება, მივიღო ღიად დებატებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე... ჩვენი გზა იყო სწორი თუ თქვენი გზა არის სწორი? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ გეშინიათ, რომ სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში?.. ნუ ვართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თავად გააკეთონ არჩევანი", - თქვა სააკაშვილმა.
პროცესზე მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".
სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას, სააკაშვილმა თავისი მდგომარეობის ხაზგასასმელად მაისური აიწია.
დღეს, 3 ივლისს, "7 ნოემბრის საქმე" განიხილება. ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
ასევე ნახეთ სააკაშვილი პაპუაშვილს: თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ