Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი პაპუაშვილს: თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესში დისტანციურად, კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. 3 ივლისი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესში დისტანციურად, კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. 3 ივლისი, 2023 წელი

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად მონაწილეობს. იგი პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესში. დღეს, 3 ივლისს, "7 ნოემბრის საქმე" განიხილება.

სხდომაზე ჩართვისას მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა იმაზე, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც სააკაშვილის საქმეზე "დეზინფორმაციულ კამპანიაში" იყო ჩართული.

"თურმე ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში. პაპუაშვილო, შემომხედე კარგად. მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა 3 ივლისის სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას და თავისი მდგომარეობის ხაზგასასმელად, მაისური აიწია.

მიხეილ სააკაშვილმა, ასევე ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის" "დებატების" საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს:

"რატომ გეშინიათ, რომ ღიად ვილაპარაკოთ? მომეცით საშუალება, მივიღო ღიად დებატებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე... ჩვენი გზა იყო სწორი თუ თქვენი გზა არის სწორი? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ გეშინიათ, რომ სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში?.. ნუ ვართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თავად გააკეთონ არჩევანი".

მიხეილ სააკაშვილისთვის "ელექტრონული სამაჯურის" გაკეთების ინიციატივა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ მან "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის?

რაზეც, ზურაბიშვილმა უპასუხა: "ბევრ ადამიანს უთხოვია... მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ შეწყალება ამ სიტუაციაში გამოსავალი არ არის. სახელდობრ, ქართველი ხალხის გამო. მაგრამ არსებობს სხვა გზები, და თუ არის ზეწოლა, მაშინ ზეწოლის გამოყენება უნდა მოხდეს იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ძალაუფლებაა, რათა რაღაც შეიცვალოს. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია...".

მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

2022 წლის 12 მაისიდან ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არის პატიმრობაში. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

"7 ნოემბრის საქმეზე" პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი.

დაპატიმრების პირველსავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

XS
SM
MD
LG