„ცალსახად მიუღებელია" - ლევან დავითაშვილი უკრაინაში Georgian Airways-ის სანქცირებაზე

ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

დღეს, 3 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების მიერ ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებისთვის“ (Georgian Airways LLC) სანქციების დაწესებას.

ლევან დავითაშვილის თანახმად, ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“ იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში. როგორც ლევან დავითაშვილმა თქვა, სხვა შემთხვევებზე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

„სამწუხაროა. უნდა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების [მხრიდან]“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ადრეც იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც „ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ“ საქართველოს მოქალაქეებს.

„ცალსახად მიუღებელია. ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია“, - თქვა ლევან დავითაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში ქართულ ოპოზიციასაც „ურევია ხელი“

„ალბათ, საფუძველი ამას აქვს ეს - როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები [მიიღება], რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს და არანაირად არ არგებს“.

ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC) მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.

ასევე ნახეთ რა აუკრძალა უკრაინამ "საქართველოს ავიახაზებსა" და თამაზ გაიაშვილს
მანამდე, ქართულ ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებისა" და მის ხელმძღვანელ თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი პორტალი „ომი და სანქციები“.
„ომი და სანქციები“ მიუთითებს, რომ 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა” მიიღო თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის ნებართვა და დაიწყო ფრენები რუსეთში, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ცალმხრივად აღდგენის შედეგად მოხდა.
როგორც პორტალი აღნიშნავს, "საქართველოს ავიახაზების" საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებას და გამარტივებას, მათ შორის, საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების ფორმირების რისკებისა და ინტეგრაციის ზრდას.

თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“ გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას "საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“.

ასევე ნახეთ თამაზ გაიაშვილი: იმედია, უკრაინის პრეზიდენტის უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სარკისებური პასუხი მოჰყვება