რუსეთში დაიხურა მედიაჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებდა. ეს, როგორც ჩანს, პრიგოჟინის და მისი გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", მეომრების მიერ 24 ივნისს მოწყობილ მოკლე შეიარაღებულ ამბოხებაზე პასუხია.
პრიგოჟინის ვებსაიტის, RIA FAN-ის ხელმძღვანელმა ევგენი ზუბარევმა 1 ივლისს, გვიან, გამოაცხადა, რომ კომპანია იხურება, თუმცა ამის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
RIA FAN-ი ყველაზე ცნობილი მედიასაშუალებაა პრიგოჟინის Patriot Media-ს ჯგუფში, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა მკვეთრად პატრიოტული, კრემლის მომხრე პოლიტიკით. ჯგუფი დადებითად აშუქებს პრიგოჟინის ქმედებებს და თავს ესხმის მის მეტოქეებს, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს.
სანკტ-პეტერბურგში გამომავალმა, პრიგოჟინის მიერ კონტროლირებულმა გაზეთმა Nevskiye novosti-მაც გამოაცხადა, რომ წყვეტს არსებობას.
გაზეთი Kommersant-ი 30 ივნისს იუწყებოდა, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ, "როსკომნადზორმა, მიზეზის გამოცხადების გარეშე დაბლოკა პრიგოჟინის მედიის ვებსაიტები.
პრიგოჟინმა და "ვაგნერის" ასობით შეიარაღებულმა მეომარმა 24 ივნისს მოკლე ამბოხება მოაწყვეს - დაიკავეს დონის როსტოვი და მოსკოვზე მსვლელობით იმუქრებოდნენ. კრიზისი განიმუხტა, როცა პრიგოჟინი დასთანხმდა შეთანხმებას, რომელმაც მას ბელარუსში წასვლის საშუალება მისცა, მის მეომრებს კი დაუტოვა არჩევანი - ან მას შეერთებოდნენ ბელარუსში, ან - რუსეთის არმიას.
ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი საჯაროდ არ გამოჩენილა, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ის ბელარუსში იმყოფება.
ასევე ნახეთ რუსების თითქმის მესამედი განაგრძობს პრიგოჟინის მხარდაჭერას - გამოკითხვა