23 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც, მათი თქმით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
ასევე ნახეთ "ცოტა რომ დაფაროთ, არა?" - ნინო წილოსანმა არასამთავრობოებს უპასუხაორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ნინო წილოსანი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და „ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას“, ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, ნინო წილოსანი უპირატესობას პარტიულ ინტერესებს ანიჭებს.
განცხადების ავტორებს არგუმენტად რამდენიმე ფაქტი მოჰყავთ:
- ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა. (და ეს მაშინ, როცა სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროების ჩადენა).
- ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”.
- ნინო წილოსანმა მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.
- 2023 წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, როცა თქვა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციები ნინო წილოსანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამ პოსტზე კი, მათი აზრით, უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც საქმით მოემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ქალთა მოძრაობა;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
- ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო;
- ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა);
- თბილისი პრაიდი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- თანასწორობის მოძრაობა;
- ქალთა ფონდი საქართველოში;
- ქალები საქართველოდან;
- საფარი;
- რაჭის სათემო ორგანიზაცია;
- ახალგაზრდა ფემინისტები;
- GrlzWave;
- ფემინა;
- ღია სივრცე კავკასია;
- ქალი და განვითარება;
- ფემინისტური ინიციატივების ფონდი;
- მწვანე ალტერნატივა;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- უფლებები საქართველო.