მიშელი მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტზე. 29 ივნისი, 2023 წელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მისივე თქმით, სანახავი იქნება ევროკომისიის მოხსენება ზაფხულის ბოლოს. ამის შესახებ შარლ მიშელმა ბრიუსელში თქვა მედიასთან, ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ. ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემისას მასთან ერთად იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ქართული მედიის წარმომადგენელმა მიშელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ პერსპექტივაზე ჰკითხა მოსაზრება.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოში გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მცდელობების მხარდასაჭერად, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოზე. რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

21 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს; ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე; დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესრულებული აქვს 11 რეკომენდაცია, ერთადერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია პოლარიზაციის დაძლევაა. მის შეუსრულებლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ოპტიმისტურად უყურებს

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ასევე ნახეთ შანსი ახლა გაქვთ, დააჩქარეთ სამუშაოები - ევროკომისარი ვარჰეი

წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.