საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რკინიგზასთან მიმართებით რუსეთისა და საქართველოს პოზიციები უცვლელია.
"არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება - ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში.
მისივე განმარტებით, საქართველო გააგრძელებს თავისი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებას.
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.
ასევე ნახეთ ზახაროვას თქმით, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას "აფხაზეთისკენ" რკინიგზის აღსადგენადეს თემა მედიასთან კომენტარში შეაფასა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამაც. მისი სიტყვებით, თუ იზოლაციაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "საამებლად" საქართველოს მმართველი გუნდი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისკენ ნაბიჯს გადადგამს, ამაში "დიდ პოლიტიკურ" ფასს გადაიხდის.
"დარწმუნებული ვარ, მზად არის ["ქართული ოცნება] ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.