უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, 28 ივნისს, ღამით ზალუჟნიმ ტლეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. ვალერი ზალუჟინი დეტალებს არ აკონკრეტებს.
გენერლის თანახმად, მეტოქისგან ძლიერი წინააღმდეგობაა, თუმცა, მას დიდი დანაკარგიც აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ.
ასევე ნახეთ რეზნიკოვი: უკრაინის არმიის მოკრძალებული წარმატება არ არის შეტევის მთავარი მოვლენაივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უტევენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების პოზიციებს. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი.
უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას ადასტურებს არაერთი სხვა წყაროც, მათ შორის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW).
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, საჯაროდ ყოველთვის აცხადებს, რომ უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია.