საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანი ამბობს, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება საკითხს, არ გამოიყენონ ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ო'სალივანის თქმით, მასზე "გულწრფელად შთაბეჭდილება მოახდინა" ფინანსური სანქციების დაცვის მიმართულებით გატარებულმა ზომებმა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ო'სალივანმა ასე უპასუხა:
"არ მგონია, რომ საქართველო განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნისგან. მრავალი გზაა, რითაც ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას... როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება შთამბეჭდავ ზომებს მიმართავს, ცდილობენ დააკვირდნენ და გააკონტროლონ, რომ ეს ასე არ ხდება.
რაც შეეხება ფრენებს, თუ რუსეთიდან საქართველოში შესვლის წერტილების რაოდენობას გაზრდით, მაშინ უნდა გაზარდოთ კონტროლიც ყველა ამ შესვლის პუნქტზე... ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი პოტენციური სუსტი წერტილია სანქციების აღსრულების კუთხით, მაგრამ არ მგონია, საქართველოში იმაზე სუსტი იყოს ეს წერტილები, ვიდრე სხვა ქვეყნებში".
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი თბილისში 26 ივნისს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. პრესკონფერენციამდე მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ასევე ნახეთ ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთსევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, თბილისში ვიზიტით იმყოფებიან სანქციების კოორდინატორები დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენი და კუმარ აიერი.
ასევე ნახეთ სანქციების კოორდინატორები: რუსეთი არ გაჩერდება და მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელებიუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი აქვს დაწესებული.
საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.