პუტინი: "ვაგნერის" ამბოხებულ მებრძოლებს შეუძლიათ არმიას შეუერთდნენ ან ბელარუსში წავიდნენ

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ივნისს მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მებრძოლებს, რომლებმაც შაბათ-კვირას ამბოხებაში მიიღეს მონაწილეობა, შეუძლიათ რუსეთის არმიას შეუერთდნენ ან ბელარუსში წავიდნენ.

ასევე ნახეთ პუტინმა აღიარა სამხედრო მფრინავების დაღუპვა პრიგოჟინის ამბოხებისას

"დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ რუსეთის სამსახურში ყოფნა, თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა სამართალდამცავ სააგენტოებთან საკონტრაქტო კავშირში შესვლით ან დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს და მეგობრებს. ვისაც სურს, შეუძლია ბელარუსში წავიდეს. პირობა, რომელიც მოგეცით, შესრულდება, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, - ვიმეორებ, არჩევანი თქვენზეა".

პუტინმა რუს ხალხს მადლობა გადაუხადა ერთიანობისთვის და მადლობა უთხრა ასევე "ვაგნერის" მეთაურებს და ჯარისკაცებს, სისხლისღვრის თავიდან არიდებისთვის პროცესში, რომელსაც განიხილავენ პუტინისთვის უდიდეს გამოწვევად მისი 23-წლიანი მმართველობის პერიოდში.

პუტინს არ უხსენებია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა თქვა, რომ ამბოხების ორგანიზატორებმა რუს ხალხს უღალატეს. პუტინის თქმით, რუსეთში შანტაჟის ან მღელვარების გამოწვევის ყველა მცდელობა "მარცხისთვისაა განწირული" და დასავლეთს სურდა, რუსებს "ერთმანეთი დაეხოცათ".

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დასავლეთის სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ მოკლე ამბოხება რუსეთის წიაღში მიმდინარე ბრძოლის ნაწილი იყო. ბაიდენის თქმით, ამასთან კავშირი არ ჰქონიათ აშშ-ს ან მის მოკავშირეებს. ბაიდენის მესიჯი რუსებს პირდაპირ გაეგზავნათ სხვადასხვა დიპლომატიური არხით, თქვა უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ, რომელსაც რუსეთის პასუხი არ აღუწერია.

მანამდე განცხადება გაავრცელა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვისკენ მისი ძალების მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე ხაზგასმა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.

  • 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • 26 ივნისის ინფორმაციით, ამბოხის საქმეზე აღძრული საქმე არ იყო შეწყვეტილი.