ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

ფოტო ვიდეოდან: თამარ ბაჩალიაშვილი

ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალს აღიარებს. ამის შესახებ დარეჯან ბუცხრიკიძემ ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სერგო შუბითიძე "აღიარებს და ინანიებს" საკუთარ დანაშაულს.

"მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი. პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი... ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია", - განმარტავს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე ზეწოლაზე ხომ არ უთხრა, ადვოკატი აღნიშნავს: "არავითარი, არავითარი".

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

2023 წლის 29 აპრილს „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვებოდა. შუბითიძის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, საქმის გამომძიებელმა "შაბათის ფორმულასთან" რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ილაპარაკა.

„სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა“, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურა განმარტავს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე ნახეთ დააკავეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი
  • თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.