„კომერსანტის“ ცნობით, პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმე ჯერჯერობით არ დაუხურავთ

ევგენი პრიგოჟინი ტოვებს დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბს. 2023 წლის 24 ივნისი

დღეს დილის მდგომარეობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს არ დაუხურავს შეიარაღებული ამბოხების ორგანიზების საქმე, რომლის მთავარი მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინია. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება ჯერჯერობით არ გაუქმებულა და გამოძიება არ შეწყვეტილა. მას შემდეგ, რაც 24 ივნისს პრიგოჟინმა უარი თქვა „ვაგნერელებთან“ ერთად მოსკოვისკენ „მარშზე", პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება.

25 ივნისს, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება წერდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ გააუქმა საქმის აღძვრის დადგენილება და პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

ასევე ნახეთ მოსკოვში გააუქმეს „პრიგოჟინის ამბოხების“ გამო მოქმედი „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“
  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • პრიგოჟინის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.