მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მოწოდებას პასუხობს და ამბობს, რომ ახლა, "ამ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და ეს ერთადერთია, რაც უნდა გავაკეთოთ".
ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადიკობახიძე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ირწმუნება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და "ყველაფერი" დაცულია:
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამაზე სახელმწიფო უწყებები ზრუნავენ. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს, გახარიას მითითება ამაზე არ გვჭირდება", - თქვა კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, საზღვრის ჩაკეტვას თუ განიხილავენ, მან დაამატა: "სისულელეა, სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".
მანამდე, პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მოუწოდა ხელისუფლებას, რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს და დროებით ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან.
"საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო", - წერს ის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
ასევე ნახეთ ამბოხი რუსეთში - როგორ დაიწყო? ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით