პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა. მოსკოვისა და როსტოვის ცენტრში ჯავშანტექნიკა დგას. მოსახლეობას სთხოვენ, ამ ადგილებს მოერიდონ. დედაქალაქსა და ვორონეჟის ოლქში გამოცხადებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.
ეს როგორ მოხდა?
22 ივნისს, გვიან საღამოს, ევგენი პრიგოჟინის ტელეგრამარხმა აუდიომიმართვების სერია გაავრცელა."25 ათასი კაცი ვართ. იმის გასარკვევად მივდივართ, ქვეყანაში განუკითხაობა რატომ ხდება. ვისაც უნდა, შემოგვიერთდეს. ეს უმსგავსობა უნდა დავასრულოთ!" - თქვა პრიგოჟინმა.
იმავე აუდიომიმართვაში, "ვაგნერის" მეთაური ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრომ მისი ჯარის ბანაკზე იერიში რაკეტებით და არტილერიით მიიტანა. ამას კი დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
"ამ პირუტყვს გავაჩერებთ", - დამუქრა პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს.
მალევე, თავდაცვის სამინისტრომ "ვაგნერის" მეთაურის ბრალდებას ტყუილი უწოდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფესბემ) კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. "სამხედრო გადატრიალების მოწოდების გამო", პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ღამითვე, ვიდეომიმართვები გაავრცელეს გენერლებმა, ვლადიმირ ალეკსეევმა და სერგეი სუროვიკინმა. მათ მოუწოდეს "ვაგნერელებს", არ შეუერთდნენ პრიგოჟინის ჯანყს.
"სანამ გვიანი არაა, კოლონები უნდა გააჩეროთ და დაემორჩილოთ პრეზიდენტის ნებას", - თქვა სერგეი სუროვიკინმა.
დილით, პრიგოჟინმა გადაიღო ვიდეო, მისი მტკიცებით, როსტოვში. იგი ამბობს, რომ ქალაქს მთლიანად "ვაგნერი" აკონტროლებს და იგი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს.
პრიგოჟინი იმუქრება, რომ შემდეგი გაჩერება მოსკოვია, სადაც "ხელში უნდა ჩაიგდოს" თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი.
პრიგოჟინი VS გენერლები - მოკლედ
ამ ორს "ვაგნერის" შეფი დიდი ხანია დაუფარავად აკრიტიკებს. მათი კონფლიქტი წლის დასაწყისში გამწვავდა.
პრიგოჟინი ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტრო განგებ უჭიანურებს "ვაგნერს" ტყვია-წამლისა და ჭურვების მიწოდებას, რათა ხელი შეუშალოს უკრაინული ქალაქის, ბახმუტის დაკავებაში.
“შოიგუ, გერასიმოვო! სად არის ვაზნები, ბო*ებო?!” - ყვირის იგი მაისის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ბახმუტი "ვაგნერმა" ბოლოს მაინც დაიკავა, პრიგოჟინმა კი თქვა, რომ ამით მისია შეასრულა და ახლა მისი ჯარი უკრაინასთან ომს დროებით გამოეთიშება.
ბოლო რამდენიმე კვირაა, პრიგოჟინი მედიას ეუბნება, რომ უკრაინასთან ომის დაწყება აუცილებელი არ იყო და, რომ რუსეთი ამ ომში წარუმატებელია გენერლების არაკომპტენტურობისა და კორუმპირებულობის გამო.
10 ივნისს, სერგეი შოიგუმ უბრძანა უკრაინაში მებრძოლ ყველა მოხალისეს და სამხედრო შენაერთს, მოაწერონ ხელი კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან და დამოერჩილონ მხოლოდ მას. პრიგოჟინმა უპასუხა, რომ "ვაგნერი" კონტრაქტს ხელს არ მოაწერს.
რა უნდა ვიცოდეთ პრიგოჟინზე?
ოფიციალურად, მან ფული კეიტერინგის ბიზნესით 2000-იანების დასაწყისში გააკეთა, როდესაც კრემლის ღონისძიებებისთვის ბანკეტებს აწყობდა. სწორედ ამისთვის, მიიღო "პუტინის მზარეულის" ზედმეტსახელი.
ზუსტად უცნობია, თუ ვინ და როდის დაავალა პრიგოჟინს "ვაგნერის" შექმნა. კერძო ჯარი პირველად 2015 წელს გამოჩნდა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტში ჩაერთო. უკრაინაში "ვაგნერელები" 2022 მარტიდან ომობენ, მას შემდეგ, რაც კრემლს უკრაინაში “ბლიცკრიგი” ჩაეშალა.
2022 წელს, პრიგოჟინმა პირადად მოინახულა რუსეთის არაერთი ციხე და უკრაინაში საომრად ათასობით პატიმარი წაიყვანა. სირიაშიც და უკრაინაშიც, "ვაგნერელებს" ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.
პრიგოჟინი აკრიტიკებს გენერლებს, მაგრამ არა პუტინს. მას საჯაროდ არც პუტინი ახსენებს.