"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი უარყოფითად აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და "საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე."
ვოლსკის თქმით, მას არ ჰქონია წინასწარ ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას აპირებდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები იძლეოდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მას შეიძლებოდა მოულოდნელი ნაბიჯი გადაედგა. პრეზიდენტის განცხადებებიდან დეპუტატმა განსაკუთრებით ბევრჯერ ახსენა დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გამოსვლა სამხედრო აღლუმზე, მისი მოქმედებებიდან, გადაწყვეტილებებიდან კი გამოყო ეროვნული ბანკის დირექტორის კანდიდატების შერჩევის პროცესი.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი, გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა".
"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით. ასევე, გადაწყვეტილება შეჩერდა 2 წლით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლო აღშფოთდა, იმდენი რაოდენობის საჩივარი იმაზე, რომ არასწორად იჩაგრება ნიკა გვარამია და ძმები ყარამანაშვილები. 2 წლის განმავლობაში თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა ერთ ადგილიდან მეორე ადგილას ფულის გადაქაჩვის და ეს ყველაფერი ჩამოქვეითებულია იქამდე, რომ ვითომ მანქანით ისარგებლა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ზუსტად იცის იმან, ვინც შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილებით "ბრძოლის ველზე დააბრუნა ადამიანი, რომელიც გააგრძელებს ომს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს."
ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილი: კოშმარული ღამე აქვს „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსპრეზიდენტმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო (დაუშვებლად ცნო) ნიკა გვარამიას ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალათბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ასევე ნახეთ იოსელიანი გვარამიას შეწყალებაზე: დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთანნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.
ასევე ნახეთ რას ედავებოდნენ და რისთვის დააპატიმრეს ნიკა გვარამია - ოთხი ძირითადი პუნქტი