პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა შეწყალების საკითხში პატრიარქ ილია მეორესთან ნებისმიერი კომუნიკაცია გამორიცხა და აღნიშნა, რომ ეს მასთან არ არის დაკავშირებული.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მომავალ კვირაში გეგმავს მასშტაბურ პრესკონფერენციას, რომელზეც ყველა საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი, მათ შორის - ეროვნული ბანკის თემის.

„მთავარი არხის" დირექტორმა თამთა მურადაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გვარამიას პენიტენციური დაწესებულებიდან დღესვე გაათავისუფლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

ასევე ნახეთ შანსი ახლა გაქვთ, დააჩქარეთ სამუშაოები - ევროკომისარი ვარჰეი
ასევე ნახეთ ევროკომისიის შენიშვნები 12 რეკომენდაციაზე - რა ითქვა ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე

21 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს, დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და ახსენეს ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონში.