უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს. საგანგებო ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ მიღებული ინფორმაციით, რუსეთს ამისთვის ყველაფერი მზად აქვს.
ზელენსკის განცხადებით, რადიაციამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის და ვის დაარტყამს, ამას მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრავს. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ყველა ინფორმაციას და მტკიცებულებას გადასცემენ პარტნიორებს ევროპაში, ამერიკაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, არაბულ ქვეყნებსა და აფრიკაში. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიო გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს, პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე დიალოგს და თანამშრომლობას განაგრძობს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ხოლო „ყველაფერი დანარჩენი ტყუილია".
ასევე ნახეთ გროსი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად წყლის დონე ჯერჯერობით საკმარისიარუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული, ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა 6 ივნისიდან, ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევის შემდეგ. წყლის მიწოდება შეუმცირდა წყალსაცავს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად იყენებენ.
21 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სადგურის ბირთვული უსაფრთხოების მხრივ, უკიდურესად არასტაბილური სიტუაციაა. მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფება.
- ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
- რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
- ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".