ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო აშშ-ის საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება „მთავარი არხის" გენერალური მდივნის, ნიკა გვარამიას საქმეს. 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საქმე განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება.

ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ასევე ნახეთ ნიკა გვარამია: შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

გუშინ, 19 ივნისს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

ასევე ნახეთ გვარამია პატიმრობაში რჩება - უზენაესმა საქმე დაუშვებლად ცნო - აცხადებს "მთავარი არხი"

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.