ერთი ენმ-ის ლიდერებთან მეგობრობს - "ოცნება" ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერენ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებს. კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში პარტიული შეხვედრის შემდეგ განუცხადა და ორი მიზეზი დაასახელა:

"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა: როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის არ დაასახელა საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატია. 16 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ამ კონკურსში წარადგენდა ორ კანდიდატს: გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა

რამდენიმე დღით ადრე, 13 ივნისს, პარლამენტმა (რომლის უმრავლესობაშიც პარტია "ქართული ოცნებაა") დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა თებერვალში დაადო "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონს.

ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ეს არის არჩილ მესტვირიშვილი.

კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი მოქმედი მინისტრის, ხუციშვილის წარდგენას განიხილავდა, თუმცა არსებობდა კითხვის ნიშნები „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმზე - კანდიდატის დამოუკიდებლობაზე“.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ხუციშვილი სახელდებოდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.

მმართველი პარტიის განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია 6 ივნისს შედგა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენდა.