საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.
ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ინტელექტკლუბის „სად? სად? როდის?" მოაზროვნე. ის ამჟამად არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლი და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
დიმიტრი ჯაფარიძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი და „ზირაათ ბანკი - საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შემდეგ კი მიიღო „ქართული ოცნების" კანონპროექტის პირვანდელ ვერსია.
„ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ეს არის არჩილ მესტვირიშვილი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი მოქმედი მინისტრის, ხუციშვილის წარდგენას განიხილავდა, თუმცა არსებობდა კითხვის ნიშნები „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმზე - კანდიდატის დამოუკიდებლობაზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ხუციშვილი სახელდებოდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეესრულებინა.
მმართველი პარტიის გავრცელებული განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია 6 ივნისს შედგა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენდა.