ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
ასევე ნახეთ ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა ასევე ნახეთ ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
კომპანიის განცხადების მიხედვით, გუშინ, 18 ივნისს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს:
- "2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით";
- "პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც";
- "კომპანიაში აუდიტის ჩატარება".
ჯერ უცნობია, რა პოზიცია ექნებათ დასაქმებულებს, რომელთა გაფიცვის გამო მე-14 დღეა გაჩერებულია მაღარო. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
- ულუფის გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.