რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 17 ივნისს აფრიკის ლიდერებთან მოლაპარაკებებზე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელსაც მან "უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულება" უწოდა. შეთანხმება, 2022 წლის ომის დასაწყისში სტამბოლში მომზადდა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებზე და, პუტინის მტკიცებით, დოკუმენტის ხელმოწერა უკრაინამ ჩაშალა.
პუტინის თქმით, დოკუმენტს ეწოდა " შეთანხმება უკრაინის პერმანენტული ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ და 18 მუხლისგან შედგებოდა.
დანართში, ცალკე უნდა მომხდარიყო უკრაინის არმიის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა. "მოლაპარაკებაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს. უარი უკრაინულმა მხარემ თქვა," - აღნიშნა პუტინმა, რომლის თანახმად ეს შეთავაზება კიევიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ მოხდა.
"კიევის ხელისუფლებამ, როგორც მას სჩვევია, ეს ყველაფერი ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ
ლუკაშენკას თქმით, პუტინი მზად იყო ყირიმის სტატუსზე მოლაპარაკებისთვის. კრემლი ამას უარყოფსუფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ისაუბრა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის არსებობაზე. მისი თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის არმიის პირველი მძიმე დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა უარი თქვა ომის დაწყებამდე წამოყენებულ თითქმის ყველა მოთხოვნაზე, მათ შორის ყირიმისა და დონბასის კონტროლზე.
ძველი მოთხოვნებიდან, არესტოვიჩის თანახმად, დარჩა, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება 50 ათას ადამიანამდე, უკრაინის უბლოკო სტატუსი და რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება.
აფრიკის ქვეყნების ლიდერები, რომელთაც პუტინი 17 ივნისს პეტერბურგში შეხვდა, ჯერ უკრაინაში ჩავიდნენ, შემდეგ კი რუსეთში - სამშვიდობო წინადადების შესათავაზებლად. როგორც "როიტერი" იტყობინება, მათ მოამზადეს მოსკოვსა და კიევს შორის ნდობის აღდგენის გეგმა, რომელმაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს უნდა გაუხსნას გზა.
16 ივნისს გეგმა უარყო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მოლაპარაკებები შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი ქვეყნიდან ჯარებს არ გაიყვანს. 17 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი "ღიაა დიალოგისთვის", მაგრამ ამის მზად არ არის უკრაინა.
უკრაინის სამშვიდობო გეგმა, რომელიც ზელენსკიმ წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებას, ითვალისწინებს რუსეთის ფაქტობრივ კაპიტულაციას, ჯარების გაყვანას, ზიანის ანაზღაურებას და სასამართლო პროცესს ომის დამნაშავეებზე. მაისში გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კიევის წინადადებები ერთადერთია, რომელსაც სამშვიდობო გეგმა შეიძლება ეწოდოს. შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა კიევუ ამ "მშვიდობის ფორმულის"მიმართ.