ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანახმა იყო, ყირიმის სტატუსის შესახებ დაეწყო მოლაპარაკება უკრაინის ხელისუფლებასთან. პროპაგანდისტულ ტელეარხ "როსია 1-ის" წამყვან ოლგა სკაბეევასთან ინტერვიუში ლუკაშენკა ამტკიცებდა, რომ პუტინმა მას პირადად გადასცა უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელზეც ქვეყნების დელეგაციები უკვე შეთანხმებული იყვნენ.
დოკუმენტში, ლუკაშენკას თქმით, გაწერილია ანექსირებული ყირიმის "გრძელვადიანი იჯარა", ხოლო დონბასის მიკუთვნების საკითხი თურქეთში რუსეთისა და უკრაინის მეთაურების პირადი შეხვედრის დროს უნდა გადაწყვეტილიყო.
"რუსეთს ახლა რომ წააკითხა ეს დოკუმენტი, გაგიჟდებოდა. ის აბსოლუტურად წამგებიანი იყო რუსეთისთვის. მაგრამ რუსეთი დათანხმდა", - განაცხადა ლუკაშენკამ.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ისაუბრა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის არსებობაზე. მისი თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის არმიის პირველი მძიმე დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა უარი თქვა ომის დაწყებამდე წამოყენებულ თითქმის ყველა მოთხოვნაზე, მათ შორის ყირიმისა და დონბასის კონტროლზე.
ძველი მოთხოვნებიდან, არესტოვიჩის თანახმად, დარჩა, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება 50 ათას ადამიანამდე, უკრაინის უბლოკო სტატუსი და რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება.
არესტოვიჩის თქმით, მხარეები უკვე შეთანხმებული იყვნენ პუტინისა და ზელენსკის პირად შეხვედრაზე, მაგრამ ბოლო მომენტში უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებებზე. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის თქმით, ამის მიზეზი გახდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია - უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, იქ რუსული ოკუპაციის დროს დაღუპული ათეულობით თუ ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
ოთხშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ალიაქსანდრ ლუკაშენკას მტკიცება, თითქოს რუსეთი დასთანხმდა უკრაინას ყირიმის იჯარის საკითხის განხილვაზე. "არა, ასე არ არის. ყირიმი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია, ის რუსეთის რეგიონია", - განაცხადა პესკოვმა.
- რუსეთმა ყირიმის ანექსია უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე 8 წლით ადრე, 2014 წელს განახორციელა.
- 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიც, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.