ჭიათურაში მაღაროელმა, გვიაბგამყვანმა მალხაზ სარალიძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ გაშლილ კარავში მოშიმშილე 10 მაღაროელს შეუერთდა. ისინი მეხუთე დღეა შიმშილობენ.კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" მედიაციის პროცესით უკმაყოფილო მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ, მოშიმშილეთა მდგომარებას ექიმები აკვირდებიან.
როგორც რადიო თავისუფლებასთან გვირაბგამყვანი დავით ჩინჩალაძე ამბობს, დროებით შეწყვიტეს მედიაციის პროცესში მონაწილეობა, რადგან რამდენიმედღიანმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.
„ვიდრე მედიატორი ჩვენთვის სასურველ წინადადებას არ შემოგვთავაზებს, პროტესტი გაღრმავდება, რადგან წლებია უკვე ერთი და იგივე მოთხოვნებით გამოვდივართ ქუჩაში და არ შეიძლება ეს უსასრულოდ გაგრძლედეს“, - აცხადებს დავით ჩიჩალაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია არ თანხმდება მთავარ მოთხოვნას - ხელფასის 40 %–ით მომატებას და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებას.
დავით ჩინჩალაძის ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია სახელფასო ანაზღაურების მხოლოდ 5%–იან მატებას სთავაზობთ, რაც მათთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის ნაცვლად, დღეში 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რადგან ამით დასვენების დღები 14-დან 8-მდე უმცირდებათ.
„მთავარი მოთხოვნები რაც არის, უარს გვეუბნებიან მათ დაკმაყოფილებაზე და დანარჩენი მოთხოვნის შესრულება კომპანიიის ვალდებულებაა და ამაზე გაფიცვა არც უნდა გვჭირდებოდეს. სირცხვილია პირობების გაუმჯობესებისთვის წლებია გაფიცვა რომ გვჭირდება და სირცხვილია ის დამოკიდებულება, რასაც კომპანიისგან ვიღებთ წლებია, ჩვენ გაფიცულები ვიყავით 2021 წელსაც, 2019 წელსაც მანამდეც და მოთხოვნები ფაქტობრივად არც ახლა შეცვლილა“,- აცხადებს დავით ჩინჩალაძე.
მეთერთმეტე დღეა, ჭიათურაში დაწყებული პროტესტის გამო, მაღაროები გაჩერებულია. გაფიცულები, კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდის გარდა მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება
- ულუფის გაუმჯობესება
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
- ასევე ნახეთ გაფიცული მაღაროელების მსვლელობა და მედიაციის პროცესი - პროტესტის მე-10 დღე
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" 15 ივნისს განაცხადეს, რომ მედიატორთან შეხვედრის შემდეგ ისინი ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. კომპანია ასევე მზაობას გამოხატავს მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანახმაა, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.