პარლამენტში საპროტესტო ბანერის გადმოფენის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ფოტოკოლაჟი: მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვენების დროს, როცა სივრცე ჟურნალისტებს დაატოვებინეს, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატ ანი წითლიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის რეაქცია გამოიწვია "მოღალატის" ხსენებამ.

"ყველამ დაიმახსოვრეთ, დედას შევიგინები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ. რამე გინდა? - მითხარი! დედას შევიგინები მოღალატეს ახსენებთ თუ არა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი [ჭანკოტაძე] ხომ არის? თქვი, აბა, დაგაბრალეს თუ არა ომის დაწყება რეზოლუციით? თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები! - მე ასე გეუბნებით და თქვენ რომ იტყვით, რა პასუხს გაგცემთ, გაიგებთ", - ამბობს მამუკა მდინარაძე ანი წითლიძის მიერ გავრცელებულ კადრებში, თუმცა არ ჩანს, რომელ ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართავს ის.

მოგვიანებით მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ "გაცილებით უარესიც" უთხრა კოლეგებს:

"კამერები როცა გასული იყო, ვისაც რა ეკუთვნოდა, ის ვუთხარი. მეტს არ ვიტყვი, იყო ისეთი რამ, რაზეც კამერებთან არ ვსაუბრობ".

დეპუტატებს შორის კონფლიქტს წინ უსწრებდა სხდომათა დარბაზში სტუმრად მყოფი ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობლის მიერ ლოჟიდან საპროტესტო ბანერის გადმოფენა, რომელსაც ეწერა სიტყვები: "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". კრისტო ტალახაძეს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ "არაადეკვატური საქციელის მქონე" უწოდა, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი ტაში დაუკრეს.

ასევე ნახეთ „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას“ - პარლამენტში მოქალაქემ საპროტესტო ბანერი გადმოფინა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპროტესტო ბანერის სხდომათა დარბაზში გადმოფენას "ლიბერალური ფაშიზმი" უწოდა, კრისტო ტალახაძე კი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა:

"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ეს იყო "ადამიანური ფაქტორების მერკანტილური მოტივებით" გამოყენება:

"ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც და სიტყვის თქმასაც, მაგრამ როდესაც ამას უზნეოდ აკეთებენ, ეს, რა თქმა უნდა, არანაირ საზღვრებში აღარ ჯდება. ასევე ყველამ თავისი თავი შეაფასოს, ვინც შეეცადა ამაზე ხელი მოეთბო".

საქართველო დღეს, 14 ივნისს, შშმ პირთა დღეს აღნიშნავს - პარლამენტში გაიმართა ფოტოგამოფენა და სტუმრად მიიწვიეს შშმ პირები. სხდომის დაწყებისას, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამ დღესთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებას, ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა, კრისტო ტალახაძემ, დარბაზის ლოჟიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინა და "რუსული რუბლი" გადაყარა. ეს იყო შაბათს, 10 ივნისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ მოწყობილი პერფორმანსი.

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კიბეებზე რუსული რუბლების ასლები დაუყარეს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მოგვიანებით მან ახალგაზრდებს „ყველანაირ ორიენტაცია არეულები“ უწოდა. მან ტერმინი ორიენტაციაარეული გამოიყენა ასევე მარტის აქციების მონაწილის, ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მისამართით. გრიგორიადისს გამოძიება პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას და საპატრულო პოლიციის მანქანის დაწვას ედავება.