Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას“ - პარლამენტში მოქალაქემ საპროტესტო ბანერი გადმოფინა


პროტესტი პარლამენტში
პროტესტი პარლამენტში

სხდომის დაწყებისას, როცა პარლამენტის თავმჯდომარე შშმ პირების დღესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა და პარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრად მყოფ შშმ პირებსა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესალმებოდა, კრისტო ტალახაძემ დარბაზის ლოჟიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინა წარწერით: „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან“. მან დარბაზში რუსული რუბლების ასლებიც გადაყარა.

კრისტო ტალახაძე შშმ პირის დედაა. ის პარლამენტში დღეს სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ქსოვილის ბანერი მას დარბაზში გადმოფენამდე თავშალივით ჰქონდა შემოხვეული.

„არა რუსულ ოცნებას! არა რუსულ რეჟიმს!“, - დაიყვირა კრისტო ტალახაძემ დარბაზში. მოგვიანებით მედიასთან საუბარში მან თქვა, რომ ნებისმიერ ფორმას გამოიყენებს „რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად“.

სანამ კრისტო ტალახაძეს პროტესტის გამოხატვის გამო სხდომათა დარბაზს დაატოვებინებდნენ, შალვა პაპუაშვილმა მის საქციელს არაადეკვატური უწოდა.

„ხო, ნუ, რა ვქნათ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც, მოგესალმებით. თქვენი გზავნილი გასაგებია, ვერ გცნობთ, ვინ ხართ. ქალბატონია, როგორც ვხვდები. ამ ქალბატონს მინდა მივმართო: თქვენნაირი დამოკიდებულების მქონე მოქალაქეები, როცა რა თემაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას ახლა იყენებთ სპეკულაციისთვის, აჩვენებს რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. სამწუხაროა. გვყავს ქვეყანაში არაადეკვატური ადამიანებიც. გთხოვთ, დაატოვებინოთ დარბაზი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გასულ შაბათს, 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კიბეებზე რუსული რუბლების ასლები დაუყარეს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მოგვიანებით მან ახალგაზრდებს „ყველანაირ ორიენტაცია არეულები“ უწოდა. მან ტერმინი ორიენტაციაარეული გამოიყენა ასევე მარტის აქციების მონაწილის, ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მისამართით. გრიგორიადისს გამოძიება პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას და საპატრულო პოლიციის მანქანის დაწვას ედავება.

XS
SM
MD
LG