რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველი კონტრაქტი გააფორმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის მიერ უკრაინასთან საომრად შექმნილ მოხალისეთა რაზმ „ახმატთან“.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „რია ნოვოსტის“ და „ტასის“ მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „კადიროველებთან“ გაფორმებული კონტრაქტი „სამართლებრივად არეგულირებს მოხალისეთა ქვედანაყოფების საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მოხალისეებსა და მათ ოჯახებზე გავრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომები.
კონტრაქტს ხელი მოაწერეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი კიმმა და რუსეთის „სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის“ დირექტორმა, ადამ დაშაევმა. ოფიციალური ინფორმაციით, რაზმი „ახმატი“ სწორედ ამ „უნივერსიტეტმა“ მოამზადა. კადიროვის ინიციატივით 2013 წელს შექმნილი "სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი" ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარეობს.
ასევე ნახეთ პრიგოჟინი: „ვაგნერი“ არ გააფორმებს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთანრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 ივნისს გამოაცხადა, რომ სამხედრო ძალების შემადგენლობაში „მოხალისეთა ფორმირებების გამოყენების ეფექტიანობის გასაზრდელად“, მინისტრმა შოიგუმ ხელი მოაწერა მათი საქმიანობის ორგანიზების ბრძანებას.
უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლმა „მოხალისეთა რაზმებმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები 1 ივლისამდე უნდა გააფორმონ.