უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე.
გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ „რუსმა ტერორისტებმა“ ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკის ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა. გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ცალსახად იმის თქმა, რა მოხდა კახოვკის ჰესზე. ამასთან, უკვე არსებული მტკიცებულებების, არგუმენტაციის და რიტორიკის ბალანსი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კაშხალი განზრახ დააზიანეს რუსებმა. ამერიკული ცენტრის ექსპერტები ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი უფრო მეტად იყო დაინტერესებული მდინარე დნეპრის ქვედა დინების ტერიტორიის დატბორვით.
ასევე ნახეთ აშშ აპირებს ზუსტად დაადგინოს, ვინ არის კახოვკის ჰესის დანგრევისთვის პასუხისმგებელი ასევე ნახეთ ბრიტანეთის პრემიერი ნაადრევად მიიჩნევს კახოვკის ჰესის განადგურების მიზეზზე საუბარს- 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
- კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
- პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
- ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
- კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
- რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
- როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.