დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ნაადრევად მიიჩნევს დასკვნის გამოტანას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია კახოვკის კაშხლის განადგურება.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად ვაშინგტონში გამგზავრების წინ, სუნაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრიტანელი სამხედროები და დაზვერვის სამსახური გარემოებებს დეტალურად იკვლევენ და წინასწარ დასკვნის გამოტანა ნაადრევი იქნებოდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ კაშხალი მიზანმიმართულად დაანგრიეს, ეს იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ახალი ფსკერი.
- 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
- კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
- პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
- ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
- კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
- რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
- როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.