კახოვკის ჰესზე აფეთქების გამო ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების გამო, კიევში გაიმართება ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა.

საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიწვია კახოვკის წყალსაცავის ჯებირის აფეთქების გამო.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

ასევე ნახეთ ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ააფეთქეს კახოვკის ჰესის კაშხალი

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ხერსონის ოკუპირებული ნაწილის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ კაშხლის ერთი საყრდენი დაზიანების გამო ჩამოინგრა და ტერიტორიის დატბორვა დაიწყო. სააგენტოს წყაროს თანახმად, ღამით სიმშვიდე იყო და შეტევა არ ყოფილა.