საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინაშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას. დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ამჯერად დაბალანსებულად ილაპარაკა, რაც განსხვავდება საქართველოში მისი სიტყვით გამოსვლებისგან.
„ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზეც რომ გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 23 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში მისი გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა. ამიტომ აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი... არ აქვს მნიშვნელობა, სად გამოვა. პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი შენიშნავს, რომ პრეზიდენტის სიტყვაში „პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო", თუმცა მას სთხოვს, რომ საქართველოშიც დაბალანსებულად ილაპარაკოს.
„დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო", - დაამატა მდინარაძემ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.
ასევე ნახეთ მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი - ზურაბიშვილი