Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის [2021 წლის 19 აპრილის] შეთანხმება გაიხსენა და თქვა, რომ მისი შესრულების შემთხვევაში, საქართველოს უკვე ექნებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

"სამართლიანი იქნება ითქვას, შარლ მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, მანამდე კი ჩამოთვალა, თუ რა გააკეთა მან, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყანაში პოლარიზაციის დასაძლევად.

"როგორც პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, მე ყველა ნაბიჯს ვდგამდი ამ მიზნის [ევროინტეგრაციის] გასაგრძელებლად. მქონდა მცდელობები მიმეღწია დეპოლარიზაციისთვის. ამისათვის სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად წამოვიწყე ეროვნული თანხმობის ინიციატივა, დავიწყე ქალების როლის გაძლიერება, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია. ეს უდავოდ რთული პროცესია და ვერ ვიამაყებდი რაიმე წარმატებით. ჩემი რწმენაა მაინც, რომ ჩვენ ერთად მუშაობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს", - თქვა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა იმაზეც, როგორი ტოლერანტული და სტუმართმოყვარეა საქართველო:

"საქართველო წელიწად-ნახევარია იღებს და მასპინძლობს 80 ათასზე მეტ რუსეთის მოქალაქეს. ამით აგრძელებს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას. რას ნიშნავს, როცა იღებ იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და სასტიკი აგრესია წამოიწყო შენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ. ეს მოხდა რაიმე სერიოზული ინციდენტების გარეშე. ჩვენ ამაყები უნდა ვიყოთ ამით, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს მკაცრი და აშკარა სახელმწიფო რეგულაცია, რომ ამ სახის ტოლერანტობამ არ მისცეს ბიძგი ესკალაციას".

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის საკითხზეც და თქვა, რომ ახლო მომავალში უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები გვერდიგვერდ დაიკავებენ ადგილებს ევროპარლამენტის დარბაზში:

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს, არამედ იგი სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის, ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, ასევე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩემი პერსონალური პატივისცემა, აღფრთოვანება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლები გვერდიგვერდ დაიკავებენ ადგილს ამ დარბაზში, ახლო მომავალში".

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს, ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გააფორმეს შეთანხმება და აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა მნიშვნელოვანი რეფორმები. მათ შორის პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე, საარჩევნო და სასამართლო კანონმდებლობის საკითხებზე. ამ დღიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, 2021 წლის 28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა დოკუმენტს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა".

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში მუდმივად მოუწოდებდნენ ქვეყნის ხელისუფლებას, დაჰბრუნებოდნენ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გაამარტივებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნათქვამი აქვს, რომ 19 აპრილის შეთანხმებას კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან.

XS
SM
MD
LG