ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და აღნიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოს საზოგადოებისთვის.
როგორც პრეზიდენტმა ტვიტერის ანგარიშზე დაწერა, მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა საქართველომ მიაღწიოს წარმატებას თავის ისტორიულ გზაზე ევროკავშირის მიმართულებით.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ კარგი შეხვედრა გაიმართა. ის მიესალმება მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ელის მუშაობის გაგრძელებას.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა. ის შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი აცხადებს, რომ ზურაბიშვილს დაუდასტურა საერთო ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს სიტყვით მიმართავს.
ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავიდოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო, რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.
31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტის სიტყვა „ქართული ოცნების“ მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო. სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტის დაგეგმვისას მართლაც შეექმნა ხელოვნური ბარიერი, რათა მწვავე კრიტიკა ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არ გაემეორებინა.