ლაზარე გრიგორიადისის მამას პარლამენტის შენობის უკან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

ბექა გრიგორიადისი

მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს, პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. პარლამენტის შენობის უკან მდებარე უორდროპების სახელობის სკვერში პოლიციელებმა გრიგრიადისს კარავი ჩანთიდან ამოღებისთანავე გამოსტაცეს, რაც მან გააპროტესტა. მეორე დღეა, შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბექა გრიგორიადისი „ერთი კაცის აქციას" მართავს.

„მარტო ვზივარ და უნდა ნახოთ, რამდენი პოლიციელი არის ჩემ ირგვლივ. ასე ერთი კაცის ეშინოდეს პოლიციას, არ ვიცი... ამდენი პოლიციელი რად უნდა ხელისუფლებას, - თქვა ბექა გრიგორიადისმა და პოლიციელებს მიმართა, - მაინც დაგიყენებთ მაგ კარავს. თქვენ ხართ რუსეთის მონები!"

როგორც გრიგორიადისი აცხადებს, პოლიციამ სკვერში ერთ მოქალაქეს სცემა და ისე დააკავა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 13 ივნისს დაიწყება
ასევე ნახეთ გომელაური: ერთი არ ისროდა „მოლოტოვის კოქტეილს", ბევრი ისროდა, ღმერთმა ქნას, რომ დავადგინოთ

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

„ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს და ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა, მაგრამ მან რომ კონკრეტულად, მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელს, ასეთი რამ არ ყოფილა“, – თქვა ლაზარეს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.