თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკნაძის საქმეზე - ის კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დავობდა იმის დასამტკიცებლად, რომ სამსახურში გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის სამიზნე. სასამართლო მსჯელობდა, რამდენად სამართლიანი იყო ეკა კიკნაძის ჩამოქვეითება მუზეუმის მმართველიდან ლაბორანტის პოზიციაზე და ასევე - მისი გათავისუფლება სამსახურიდან.
მოსამართლე სოსო ღურწკაიამ დააკმაყოფილა ეკა კიკნაძის სარჩელის პირველი ნაწილი და უკანონოდ ცნო მისი დაქვეითება ლაბორანტის პოზიციაზე, თუმცა კანონის დარღვევად არ მიჩნია მისი საბოლოოდ გათავისუფლება მუზეუმიდან. სასამართლომ სახელმწიფოს ეკა კიკნაძისთვის 5 000 ლარის გადახდა დააკისრა, კომპენსაციის სახით.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ეკა კიკნაძის ადვოკატმა, ცირა ჯანანაშვილმა, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და შეეცდება, სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცოს, რომ უკანონო იყო როგორც კიკნაძის ჩამოქვეითება, ასევე მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
ასევე ნახეთ “ამბიციური ხართ, გაჩუმდით!” - მოწმე ჰყვება, როგორ მიმართავდა თეა წულუკიანი მუზეუმის მმართველსეკა კიკნაძე ერთ-ერთი პირველია იმ ასამდე ადამიანიდან, ვინც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გაათავისუფლეს. ეკა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ის მინისტრმა განსხვავებული შეხედულებებისა და პროფესიულ საკითხებზე მისთვის მიუღებელი პოზიციების გაჟღერებისთვის გაათავისუფლა.
კიკნაძე მუზეუმის მმართველიდან ლაბორანტის პოზიციაზე 2021 წლის ივლისში გადაიყვანეს - ამ დროს საზოგადოებაში აქტიურად განიხილებოდა ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობის და იქ განთავსებული ფონდების გადარჩენის საკითხი. მუზეუმის შენობის ბედი კვლავ გაურკვეველია, ფონდების ნაწილი კი ჯანაშიას სახეელობის ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი.
ასევე ნახეთ მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს - ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში მიდიან