დმიტრი მედვედევი ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემს ისევ დაემუქრა

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი კიევში

რუსმა სახელმწიფო მოხელეებმა და პოლიტიკოსებმა უპასუხოდ არ დატოვეს ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებები, რომლებიც 26 მაისს კიევში ვიზიტის დროს გააკეთა. რუსეთში ამტკიცებენ, რომ სენატორმა „რუსების მკვლელობას“ უწოდა საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც აშშ-ს შეეძლო გაეკეთებინა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 26 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში რესპუბლიკელი სენატორი, რუსეთის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი და უკრაინისთვის დახმარების გაზრდის მომხრე უკრაინელ ლიდერებთან განიხილავს რუსეთთან ომს და იარაღის მიწოდების საკითხს. ზელენსკი მას ეუბნება, რომ ომი უკრაინისთვის მიმდინარეობს ლოზუნგით: „თავისუფლად ცხოვრება ან სიკვდილი“. "ახლა ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფლად", - აცხადებს ზელენსკი. ”რუსები კი იხოცებიან”, - ამბობს გრემი. ამის შემდეგ გადაღების კუთხე იცვლება, რის გამოც არაა გამორიცხული, რომ იყოს მონტაჟის ელემენტი. ამ დროს სენატორი ამბობს: „ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს ფული“. ამ ფრაზის შემდეგ ზელენსკი მადლობას უხდის ვაშინგტონს იარაღის მიწოდებისთვის.

ასევე ნახეთ დიმიტრი მედვედევი რუსეთის ყველა მტერს „ცეცხლოვან გეენაში გაგზავნით“ ემუქრება

ინვესტიციის შესახებ ამერიკელი სენატორის სიტყვების ინტერპეტაცია მოსკოვში ისე მოხდა, თითქოს გრემმა რუსების მკვლელობას (და არა უკრაინის დახმარებას) უწოდა აშშ-ის საუკეთესო ინვესტიცია. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: „ძნელია წარმოიდგინო უფრო დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის, ვიდრე ასეთი სენატორების ყოლაა“, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ შეერთებული შტატები ნაცისტური გერმანიის დაფინანსებაში დაადანაშაულა: „კოკა-კოლის ქარხანა კიოლნში, გერმანიის მთავრობის მიერ მის ნაციონალიზაციამდე, რეგულარულად აწვდიდა გაზიან წყალს გერმანიას, მათ შორის გერმანელ ჯარისკაცებსაც. ცნობილი Fanta კი საერთოდაც ნაცისტებმა გამოიგონეს“.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სენატორ ლინდსი გრემის განცხადებას Telegram-ით გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში „არა მარტო უბრალო ადამიანებს ხოცავენ რეგულარულად, არამედ ბინძურ ფულს სენატორების მკვლელობაზეც ხარჯავენ“.

„გაიხსენონ, რა ბედი ეწია რობერტ კენედის, ჰუი ლონგს, კლემენტა კარლოს პინკნის, ჯონ მილტონ ელიოტს, უეინ ოუენსს და სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებს“, - წერს მედვედევი და ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოკლული ამერიკელი სენატორების სახელებს.

ეს არ არის პირველი ფარული მუქარა, რომლითაც მედვედევმა გრემს მიმართა. 2023 წლის მარტში მედვედევმა კომენტარი გააკეთა 14 მარტს შავ ზღვაზე ამერიკული დრონის (Reaper MQ-9) ჩამოვარდნის ინციდენტზე. მაშინ გრემმა მოუწოდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, ჩამოყარონ რუსული თვითმფრინავები, თუკი ისინი ამერიკულ ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან. მედვედევმა ამერიკელი სენატორის ამ სიტყვებს შემდეგი კომენტარი გაუკეთა: „სხვათა შორის, ასეთი არსებები ხანდახან ავიაკატასტროფაში ხვდებიან ხოლმე“, - თავის ამ განცხადებას მედვედევმა ჯვრის გამოსახულებიანი ემოჯი დაურთო.

  • 2022 წლის გაზაფხულზე ყურადღება მიიპყრო გრემის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში უნდა გამოჩნდეს "პოლკოვნიკი შტაუფენბერგი", რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც ვლადიმირ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციის მოწოდება, ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის ანალოგიით.
  • უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 28 მაისს ტვიტერში დაწერა, რომ, მისი აზრით, დღეს საუკეთესო ინვესტიცია ნამდვილად არის ინვესტიცია „უკრაინის სრულ და უპირობო გამარჯვებაში“.