ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილებს უგზავნის.

პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში ალიევი წერს, რომ მისთვის სასიხარულოა ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობის დონე:

"ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა და დიდი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტური ფაქტორებია.

დღეს არის კარგი შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და ჩვენი პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, რაც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის აყვავებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტრადიციული მეგობრული კავშირები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და გავაფართოოთ ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთქმედებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად".

ილჰამ ალიევის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ წერილში ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზეა საუბარი:

"ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მთელი გულით გილოცავთ თქვენ და თქვენს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს...

საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველა სფეროში ურთიერთნდობისა და მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენი კავშირების განმტკიცებასა და გაღრმავებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, რომლებსაც წარმატებით ვახორციელებთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ხალხების კეთილდღეობაში".

ასევე ნახეთ ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტსა და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ასევე ნახეთ "აშშ სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ასევე ნახეთ ჩარლზ III საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.