ერთობლივი განცხადების და რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე დასრულდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, რომელიც კრემლში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
გამოცემა „კომერსანტის“ წყაროთა წინასწარი ინფორმაციით, მხარეები ამზადებდნენ სულ მცირე ორ დოკუმენტს - სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შეთანხმებას და რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას.
ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, სამივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების მონაწილეობით მოლაპარაკების გაგრძელებაა. ეს შეხვედრა მომავალ კვირაში, მოსკოვში უნდა გაიმართოს.
ასევე ნახეთ პუტინი ალიევსა და ფაშინიანთან შეხვედრის წინ: მიუხედავად სირთულეებისა და პრობლემებისა, სიტუაცია მოგვარებისკენ ვითარდებაკრემლში, პუტინთან შეხვედრამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომაში. ფაშინიანი, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნის მეთაური, ხოლო ალიევი - როგორც მიწვეული სტუმარი.
ამ სხდომაზე ფაშინიანსა და ალიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი გააღიზიანა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამოყენებულმა ფორმულირებამ „ზანგეზურის დერეფანი“, რაც ბაქოს ტერიტორიულ პრეტენზიად შეაფასა. ფაშინიანის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი - ლაჩინის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს უკანონდ აქვს დაბლოკილი. ალიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია აქვს და განაცხადა, რომ სიტყვა დერეფნის გამოყენება არ ნიშნავს სხვისი ტერიტორიის ხელყოფას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოს ლაჩინის დერეფანი არ დაუბლოკავს და იქ უბრალოდ საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა.
ასევე ნახეთ ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებები - მარტივად