თბილისის ანძის მოდერნიზაცია არ დაწყებულა - რატომ არ შეასრულა მერმა 2018 წლის დაპირება  

კახა კალაძე - 2018 წლის 12 დეკემბერი, თბილისის მთავრობის სხდომა

მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ანძას მომგებიან ტურისტულ ადგილად აქცევდა და ათეულობით ადამიანს დაასაქმებდა, არც კი დაწყებულა. კახა კალაძის ამ დაპირებიდან თითქმის 4,5 წელია გასული. 

მერად არჩევის შემდეგ ანძის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე კალაძემ პირველად თბილისის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის 12 დეკემბერს ისაუბრა. მაშინ მან თავადვე ახსენა, რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებამდე გასცა.

"ანძას ძალიან დიდი ხანია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, ამიტომ, სრული რეაბილიტაციაც სჭირდება… ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზეა და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, მუდმივად 40 ადამიანი იქნება დასაქმებული. პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი განთავსდება, ხოლო მეორე დონეზე - ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა", - თქვა კახა კალაძემ და ასევე დასძინა, რომ თბილისის ანძა წელიწადში 300 000 ვიზიტორს მიიზიდავდა.

12 დეკემბერს მერიამ თბილისელებს ორი პროექტი შესთავაზა და საუკეთესოს არჩევა გამოკითხვის საშუალებით სთხოვა.

გამოკითხვა თბილისის მერიის "ფეისბუკის" გვერდზე

იმავე დღეს, საღამოს თბილისის მერიის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე "თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის კონცეფციის" შესახებ ვიდეოკლიპიც დაიდო.

ამ განცხადებიდან შვიდ დღეში მთავრობის სხდომაზე მან კიდევ ერთხელ ახსენა ანძის მოდერნიზაციის პროექტი და რამდენიმე დღეში ამ საკითხზე სასაუბროდ ბიზნესმენებს შეხვდა.

"პროექტები, რომელთაც დღეს წარმოგიდგენთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, პირველ რიგში, ტურისტული თვალსაზრისით და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - უთხრა ბიზნესმენებს მერმა იმ დღეს.

გადის თითქმის ორი წელი და 2020 წლის 2 სექტემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე ისევ თავად იწყებს საუბარს თბილისის ანძის მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე.

"მესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შეიძლება კომპანიების შერჩევა გარკვეულწილად გაჭირდეს, თუმცა სატელევიზიო ანძა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ერთადერთი ობიექტია. მისი სწორად გამოყენება საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, ვინც ამ პროექტში ჩაერთვება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში თბილისის ანძა ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება", - ამბობდა მერი.

გადის კიდევ ნახევარი წელი და თბილისის მერი ამბობს, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ შეაფასა და რეკომენდაციებიც მისცა, თუმცა აქვე ახსენებს, რომ პანდემიამ პროექტი შეაფერხა:

"ძალიან ბევრ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა და ეკონომიკური აქტივობების შემცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინტერესთა გამოხატვით".

მერად არჩევიდან 5,5 წლის შემდეგ რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა ეტაპზე იყო კახა კალაძის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირება. უწყების პრესსამსახურის წერილობით კომენტარში აღნიშნულია, რომ ანძის პროექტთან დაკავშირებით კომპანიის მიერ მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა პროექტის პარამეტრები.

"ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის (პროექტის ვიზუალი და განხორციელების ვადები) საკითხზე. პროექტში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით კომპანიას მოწვეული ჰყავდა ანძის თავდაპირველი პროექტის ავტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობა", - ამბობენ მერიაში.

ჯერ ისევ შეუსრულებელია თბილისის მერის კიდევ ერთი დაპირება დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანაზე. ავტობუსების ჩამოყვანის საჭიროებაზე მან იმაზე კიდევ უფრო ადრე ისაუბრა, ვიდრე ანძის მოდერნიზაციის ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილებდა ყურადღებას.

ასევე ნახეთ 2020 წლისთვის დაპირებული 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში 2023 წელსაც ვერ ივლის