საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს". ასე ეხმიანება იგი ფეისბუკში მოქალაქეების მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას, რომელიც იმან გამოიწვია, რომ წელს 26 მაისის ღონისძიებისთვის ქუჩების გასაფორმებლად მთავრობამ ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენა.
"ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ. ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში", - წერს მდინარაძე ფეისბუკში.
საზოგადოებაში გამოთქმული კრიტიკის გამო განმარტების გაკეთება მოუწია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც.
ასევე ნახეთ მთავრობა განმარტავს, რატომ ვერ მოხვდა ევროკავშირის დროშა პარლამენტის ფასადზე 26 მაისის ღონისძიების გაფორმებაში"წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ განმარტებაში.
წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება. ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდნენ პრორუსული ჯგუფები, რომლებმაც ერთ-ერთ აქციაზე პარლამენტის შენობის წინ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა და დემონსტრაციულად დაწვეს. მათ პოლიციამ ხელი ვერ შეუშალა.
მასალა არქივიდან პარლამენტის წინ, "ალტ-ინფოს" აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნესბოლო ერთ წელში საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი არაერთი მრავალათასიანი აქცია გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო 7-9 მარტის პროტესტი იყო, როცა ათასობით ადამიანი ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ხელისუფლების მოწონებული კანონპროექტის მიღების პროცესს საქართველოს პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელად აფასებდნენ. რამდენიმე დღეა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გაცემული ნებართვებით, აღდგა რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლაც, რასაც ასევე საფრთხედ აფასებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.
ასევე ნახეთ კატარის ფორუმზე ღარიბაშვილს ჰკითხეს, ფრენების აღდგენით მეგობრებს აღიზიანებენ თუ არა26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.