„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები, რომლებმაც ამ დღეებში უკრაინის ტერიტორიიდან იერიში მიიტანეს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე, უარყოფენ, რომ რეიდის დროს მებრძოლები დაეღუპათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მანამდე განაცხადა, რომ იმათგან, ვინც რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, 70-მდე ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი მოხალისეთა ქვედანაყოფის, ბელგოროდის რეიდში მონაწილე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ წარმომადგენელი იტყობინება ორი დაღუპულისა და ათი დაჭრილის შესახებ.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „ლეგიონის“ ათზე მეტი მეომარი ესაუბრა ოთხშაბათს ჟურნალისტებს ქვეითთა დაჯავშნილი მანქანის ფონზე, რომელიც, მათი მტკიცებით, რუს მესაზღვრეებს წაართვეს. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მეთაურის, დენის კაპუსტინის (ნიკიტინის) თქმით, რეიდის დროს მსუბუქად დაიჭრა კორპუსის ორი მებრძოლი, მაგრამ არავინ დაღუპულა. კაპუსტინი ასევე უარყოფს სამხედრო ტექნიკის დანაკარგს.
კითხვაზე, გამოიყენეს თუ არა რეიდისას დასავლური წარმოების სამხედრო ტექნიკა, მან მოიხსენია ვლადიმირ პუტინის მიერ 2014 წელს ნათქვამი სიტყვები სეპარატისტების იარაღის შესახებ, რომ ასეთი ტექნიკის შეძენა „ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში შეიძლება“. შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ ისინი არ უჭერენ მხარს უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თავდასხმის მოგერიებისას 70-მდე ადამიანი იქნა მოკლული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეო. მასში ნაჩვენებია დასავლური სამხედრო აღჭურვილობის რამდენიმე ერთეული, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაზიანდა და შემდეგ რუსეთის სამხედროების მიერ ალაფად იქნა ხელში ჩაგდებული. ტელეგრამში ზოგიერთმა არხმა ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე მოკლულის ვიდეო, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი დივერსანტები იყვნენ. მაგრამ არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და სად არის გადაღებული ვიდეო.
ბელგოროდის ოლქში რეიდი 22 მაისს განხორციელდა. რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილმა შეიარაღებულმა რაზმებმა რამდენიმე საათის განმავლობაში დაამყარეს კონტროლი გრაივორონის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე. შემდგომში მათ ბრძოლით დაიხიეს უკან და კვლავ გადავიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, ამბობენ, რომ რეიდში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც იარაღი აიღეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის შესახებ ასევე განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა. მან აგრეთვე თქვა, რომ მოხალისეებიდან არავინ დაღუპულა.
ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და რამდენიმე დაჭრილის შესახებ იტყობინება. მათი თქმით, ბრძოლებმა ასევე დააზიანა ასობით კერძო სახლი.