„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა ტოვებს ფრაქციას, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია." დეპუტატმა გადაწყვეტილება ფრაქციის სხდომის შემდეგ მიიღო, რომელიც ეხებოდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის სასურველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებისთვის ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან მხარდაჭერას.
კენჭისყრის საკითხი ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 29 კანდიდატიდან ევროსაბჭოს რეკომენდაციების მოტივით და იმ ფონზე, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციის ხელისუფლებასთან კომპრომისზე, გამოიწვია ის, რომ რიგმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.
ამ დეპუტატებს შორის რამდენიმე კანდიდატს ხმა მეც მივეცი, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არანაირი მოტივაცია და ინტერესი, გარდა იმისა, რომ ამ კანდიდატებს შორის იყო რამდენიმე მისაღები და ბევრი მათგანი მიუღებელი "ოცნებისთვის", არ ყოფილა. ისიც ფაქტია, რომ “ქართული ოცნება“ საბჭოში ისედაც უმრავლესობას ფლობს და ამ კენჭისყრას რაიმე ბონუსი ამ კუთხით არ შეუქმნია".
რაც შეეხება ფრაქციის დატოვებას, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს: „ის, რაც მოჰყვა ამ ფაქტს ჩემი კოლეგების მხრიდან, ემოციურ შეფასებებს არ ვგულისხმობ, ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა ვიყავი და დღესაც ვრჩები აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი „ქართული ოცნების“ დამარცხების საქმეში“.
ქარდავა უარყოფს „ქართულ ოცნებასთან" გარიგებას და აღნიშნავს, რომ შეგნებული პოლიტიკური საქმიანობა მიუძღვნა ბრძოლას იმასთან, ვინც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებს.
ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ რიგებს ტოვებენ დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე.
ასევე ნახეთ ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ტოვებენ ფრაქციას „ენმ - ძალა ერთობაშია"დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. სამი მათგანი (ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე) ადასტურებს არჩეული წევრებისთვის ხმის მიცემას. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა მათ ვინაობას არ აზუსტებს. ამავე ბლოკით არჩეული დეპუტატი დილარ ხაბულიანი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ცნობით, მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს არჩეულ არამოსამართლე წევრებს, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა.
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.
კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.
არჩეული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია:
- ტრისტან ბენაშვილი - 93 მომხრე;
- გიორგი გზობავა - 91 მომხრე;
- ზურაბ გურასპაშვილი - 93 მომხრე.
კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.
პარლამენტის წევრი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" "იყიდა".
ასევე ნახეთ ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდაპარლამენტში ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომა გამართა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დევი ჭანკოტაძემ მედიასთან თქვა, რომ „აქედან ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ. ახლა ამაზე მიდის სწორედ ლაპარაკი. ფრაქციის შეკრებას ველოდებით, რომ უმრავლესობა ადგილზე იყოს. ველაპარაკებით, რომ თვითონ დატოვონ ფრაქცია. თუ ასე არ მოხდა, ჩემი და უმრავლესობის აზრია, რომ უნდა გავრიცხოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა მათი მხრიდან - მურუსიძე ჩინჩალაძის „კლანის“ წარმომადგენლები მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, არავითარი შეთანხმება არ იყო ჩვენს და "ქოცებს" შორის. ამიტომ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ფრაქციის არცერთ წევრთან ეს მოქმედება არ იყო შეთანხმებული", - აღნიშნა ჭანკოტაძემ.