სააკაშვილი „ანტიეროვნულ აქტს" უწოდებს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ოპოზიციის ზოგი დეპუტატის მონაწილეობას

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში"

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 17 მაისს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად გამართულ კენჭისყრაში ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატის მონაწილეობას.

„ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი", - ნათქვამია ფეისბუკზე, სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე, მისი სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

არჩეული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია:

  1. ტრისტან ბენაშვილი - 93 მომხრე;
  2. გიორგი გზობავა - 91 მომხრე;
  3. ზურაბ გურასპაშვილი - 93 მომხრე.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

პარლამენტის წევრი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი "ქართულმა ოცნებამ" "იყიდა".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარდამჭერთა შორის იყო პარლამენტში მათი ბლოკის სახელით არჩეული ნიკა მაჭუტაძე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ასევე ნახეთ ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდა

ამ წუთებში პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომას მართავს, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე.

ასევე ნახეთ ენმ სხდომას მართავს იმ დეპუტატების საკითხზე, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრები აირჩიეს

რადიო თავისუფლებამ სცადა დაკავშირება დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან და ნიკა მაჭუტაძესთან - მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.