მართლმსაჯულების კოალიცია უარყოფითად აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევის პროცესს

ფოტოილუსტრაცია

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესს. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს აძლიერებს სისტემაში არსებულ "კლანს".

"კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის ამ პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი", - თქვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ასევე ნახეთ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრიდან მხოლოდ 3 აირჩია
ასევე ნახეთ ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდა
ასევე ნახეთ ენმ სხდომას მართავს იმ დეპუტატების საკითხზე, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრები აირჩიეს

საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ოპოზიციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომას მართავს. ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია იმ დეპუტატებთან თანამშრომლობა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.