საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, ლგბტ+ ადამიანებს ქვეყანაში პრობლემები აქვთ - ომბუდსმენი

ფოტო არქივიდან: აქცია შსს-სთან. 2019 წელი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, ქვეყანაში ლგბტ+ ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვაში პრობლემები ექმნებათ. ეს არის განცხადების ერთი ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

"მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა...

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას", - წერია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ლგბტ+ თემის წევრებს ქვეყანაში პრობლემები ექმნებათ განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, დასაქმების ხელმისაწვდომობაზე, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე:

"სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება".

ასევე ნახეთ "ხორცის ფარი" საპატრიარქოსთან - არტისტი ანდრო დადიანი 17 მაისს ნამუშევრით ეხმაურება

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა - 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.

2013 წლის 17 მაისს თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს მათ წინააღმდეგ სასულიერო პირების თანხლებით გამოსული ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა წააქეზა იმ დაუსჯელობამ, რაც ლგბტქ+ თემის მიმართ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა, წინა წელს მომხდარი უფრო მცირე მასშტაბის დაპირისპირების გამოძიებისას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.