არტისტმა ანდრო დადიანმა 2013 წლის 17 მაისიდან 10 წლისთავზე საქართველოს საპატრიარქოსთან პარტიზანული ნამუშევარი განათავსა. სწორედ ამ წელს დაარბია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს გამოსული რამდენიმე ათეული ლგბტქ+ თემის წევრი და მათი მხარდამჭერი რუსთაველის მოედანზე შეკრებულმა ათასობით მოქალაქემ, რომელთა შორისაც მრავლად იყვნენ სასულიერო პირები.
“ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა. იმ დღით სასოწარკვეთამ დამაკარგვინა მეც სახე და მაქცია ნიღბიან, ფსევდონიმიან ადამიანად.
ადამიანებს მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა ამ ინსტიტუციის საქმე, ამიტომ საპატრიარქოს ჭიშკართან, მეგობართან ერთად დავდგი ხორცის კალათბურთის ფარი, როგორც მათი მეტაფორული პორტრეტი”, - ასე განმარტავს არტისტი, რომელიც წლებია ფსევდონიმით მუშაობს სახელოვნებო სფეროში და არასოდეს აჩენს სახეს, თავის ნამუშევარს.
ანდრო დადიანი 2013 წლის 17 მაისს ისეთი ტრაგიკული დღეების გვერდით განიხილავს, როგორებიცაა 9 აპრილი, 20 ივნისი, 7 ნოემბერი და მიიჩნევს, რომ ჰომოფობია არა ქართველის კულტურული საჭიროება, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამოკვეთის საშუალებაა.
"აქ თანასწორობა დასავლური, ხოლო ანტილგბტ მოძრაობები რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის ნიშანია. ამ დაპირისპირებაში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანის მხარდაჭერის ნაცვლად, პოლიტიკური პოზიცია დაიკავა და საკუთარი ერის მოწინააღმდეგე სტრუქტურულ მოძალადედ ჩამოყალიბდა.
ჩვენ უნდა გამოვათრიოთ დუმილით ძალმოსილი ეს დღის წესრიგი საჯარო სივრცეში, ხშირი დისკუსიით თავიდან უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობები საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით მას მაშინ, როცა სასულიერო პირები ზემოთ და ზემოთ ხტებიან, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ ადამიანისა და სიცოცხლის მნიშვნელობის მოსპობაში", - მიიჩნევს არტისტი.
17 ივნისი, ლგბტქ+ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და წლებია, ამ დღეს სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იკავებს თბილისის ქუჩებს, სამების საკათედრო ტაძარში კი შესაბამისი აქტივობები იმართება.